საქართველოში პირველი ნაბიჯი ბიზნესის დაწყებისას გახლავთ საწარმოს რეგისტრაცია. ბიზნესის რეგისტრაციით მფლობელი იღებს ლეგალურ სისტემაში საქმიანობისთვის დამახასიათებელ დაცვას. მიუხედავად ამისა, ის საქმიანობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით შესაძლებელია მხოლოდ ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე, დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მიღების მომენტიდან.

საქართველოს ტერიტორიაზე ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს.

ლიცენზიას ან/და ნებართვას საჭიროებს ისეთი საქმიანობა ან ქმედება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან.

უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო გასცემს ნებართვას/ლიცენზიას, თუ დაინტერესებული პირი აკმაყოფილებს სანებართვო/სალიცენზიო პირობებს. აღნიშნული პირობები დგინდება კანონით ან კანონის საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით (მხოლოდ ნებართვის შემთხვევაში).

ლიცენზიას საჭიროებს ისეთი საქმიანობები როგორებიცაა მაგ.: დაზღვევა, კერძო მაუწყებლობა, ნავთობის ტრანსპორტირება და სხვა, ან, ისეთი სარგებლობა, როგორებიცაა, მაგ.: ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობა და სხვ.

ნებართვას საჭიროებს ისეთი საქმიანობები, როგორებიცაა მაგ.: მშენებლობა, საბაჟო საწყობის საქმიანობა, გარე რეკლამის განთავსება და სხვა. SNLG-ის გუნდი მზადაა გაგიწიოთ იურიდიული დახმარება თქვენი ბიზნეს საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ლიცენზიისა და ნებართვის მოპოვებაში. ამ მიზნით, ჩვენ მზად ვართ  წარმოგიდგინოთ ის მოთხოვნები, რომლებსაც კანონმდებლობა გიდგენთ, გარდა ამისა, ჩვენ მოვამზადებთ იმ იურიდიულ დოკუმენტაციას, რომელიც აუცილებელია თქვენ მიერ აღნიშნული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.