შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიულ ჯგუფს აქვს იურიდიული დოკუმენტების შედგენის დიდი გამოცდილება, მათ შორის, კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით. ჩვენი მმართველი პარტნიორი ეკატერინე შანიძე მონაწილეობდა 2013 წელს “საქართველოს შრომის კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების შემუშავებაში. ჩვენი დამფუძნებელი პარტნიორი თამარ ნიკოლაძე ჩართული იყო კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის მემორანდუმის მომზადებისა და განხორციელების პროცესში. ჩვენი იურისტი ეკატერინე ბაკურაძე, ასევე, მონაწილეობას იღებდა სააღსრულებო სამართლის მომწესრიგებელი ახალი ნორმატიული აქტის, აღსრულების კოდექსის შემუშავებაში.

ჩვენი საქმიანობის არეალი მოიცავს ასევე ორგანიზაციული დოკუმენტების, სამართლებრივი დასკვნების, კომპანიის შიდა კორპორაციული აქტებისა და სხვა იურიდიული შინაარსის დოკუმენტების შედგენას.  ჩვენი გუნდის წევრების მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში მათი სამსახურეობრივი მოვალეობები სწორედ იურიდიული დოკუმენტაციის შედგენას უკავშირდებოდა. სხვადასხვა ორგანიზაციებსა და სახელმწიფო ორგანოებში მუშაობამ მათ საშუალება მისცა გაცნობოდნენ საჯარო და ბიზნეს სფეროების თავისებურებებს.

სასამართლოსა და სხვა ადმინისტრაციულ დავებში მონაწილე კლიენტებისათვის საქმიანობის სფერო ასევე მოიცავს საჩივრების, სარჩელების, შესაგებლების, შუამდგომლობებისა და სხვა სამართლებრივი ინსტრუმენტების მომზადებას. ჩვენი პარტნიორების პროფესიული გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით დაკავშირებულია როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე მოღვაწე სხვადასხვა კომპანიებთან.